ჩვენი ქალაქი

               ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია ერთი ქალაქი – ქ. ახმეტა და 107-მდე სოფელი. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო – გამგებელი. ახმეტის მუნიციპალიტეტში 15 ადმინისტრაციული ერთეულია (ქ. ახმეტა, მატნის, საკობიანოს, დუისის, ჯოყოლოს, ხალაწნის, ზ. ალვანის. ქვ. ალვანის, მაღრაანის, ოჟიოს, ზ. ხოდაშენის, ქისტაურის, კასრისწყალის, თუშეთის, შახვეტილის ადმინისტრაციული ერთეული).
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ისტორიული კახეთის დიდ ნაწილს მოიცავს, იგი მთისწინა რეგიონია და დღეს არსებული არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალით თვალნათლივ ჩანს, რომ ქართველი ერის განვითარების ყველა საფეხური სრულყოფილად განვლო.
მთისწინეთი ძალიან მოსახერხებელი საცხოვრისი იყო ჩვენი წინაპრებისათვის-ერთობლივად ვითარდებოდა ბარისათვის დამახასიათებელი მეურნეობა და ირიგაციის პრობლემების გაჩენისთანავე, უმტკივნეულოდ გადადიოდა მთისთვის პრიორიტეტულ მესაქონლეობაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ უძველესი დროიდან ამ რეგიონის მდებარეობა, რომელიც მოიცავს ძირითადად კავკასიონის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პანკისისა და მდ.ილტოს ხეობებს, ალაზნის ვაკის ნაწილს, ასევე ისტორიულ თუშეთს, ხელს უწყობდა აქტიურად ყოფილიყო ჩართული კავკასიაში მიმდინარე ეკონომიურ თუ პოლიტიკურ რიტმში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიებით აღმოჩენილი ე.წ.,,ილტოს ნამოსახლარის’’ (ქ.ახმეტიდან ჩრდილო-დასავლეთით 4 კმ-ზე) კულტურულმა ფენებმა დაადასტურა, რომ ადრე ბრინჯაოდან რკინის ხანამდე, ასევე, გვიან ანტიკურიდან ფეოდალიზმზე გადასვლის დროსაც აქ ადამიანი უწყვეტად ცხოვრობდა.
ილტოს ნამოსახლარის გარდა, არქაული პერიოდის ნამოსახლარებიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქელოგიურად შესწავლილია და მდიდარი მასალაა გამოვლენილი ალავერდის (ადრე-გვიანი ბრინჯაო), ზემო ალვანის (შუა ბრინჯაო), საკობიანოს (გვიანი ბრინჯაო), ქისტაურის (გვიანი ბრინჯაო) და კოღოთოს (ადრე ანტიკური) ნამოსახლარებში.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამაროვნები, ცალსახა მტკიცებულებაა იმისა, რომ არქეოლოგიურ კულტურათა წარმომავლობასა და ამ კულტურის მატარებელი საზოგადოების ეთნოგენეტიკური ხაზი უცვლელია-საფეხურებრივად განვითარებადი და არა ადგილმონაცვლე. ასეთ სამაროვნების რიცხვს განეკუთვნება: იახსრის, არგოხის, ყვარელწყლის, ხალაწნის, ქისტაურის და საკუთრივ ქ.ახმეტის (ჟალურის უბანი) სამაროვნები.
დღევანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოთხასზე მეტი მატერიალური კულტურული ძეგლია აღრიცხული. მათ შორის თავდაცვითი მნიშვნელობისა: ბახტრიონის ციხე, კვეტერა, იოსებ ალავერდელის მიერ დაარსებული ალავერდის საკათედრო ტაძარი, (მისი სიმაღლე 50 მ-ზე მეტია. ალავერდი XI ს-დან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვალეა. საუკუნეების განმავლობაში ალავერდის კათედრალი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრ კერად იქცა. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი.) მატნის ცხრაკარას მონასტერი, ცხრაკარას სასახლის კომპლექსი, – წმ. გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის თეთრი გიორგის ეკლესია, სამრეკლო, გალავანი და დამხმარე ნაგებობანი. ეკლესია და გალავანი განეკუთვნება X-XIII სს, სამრეკლო – XVI ს, ხოლო დამხმარე ნაგებობები – XIX-XX ს-ის მიჯნაზეა აშენებული.
XI საუკუნის პირველ მეოთხედში კახეთის მეფე კვირიკე მესამემ, ჰერეთიც შემოიერთა, კახეთ-ჰერეთის მეფის ტიტული მიიღო და სამეფო შვიდ საერისთაოდ დაყო (კვეტარის, პანკისის, რუსთავის, შტორის, ხორნაბუჯის, ვეჟინის, მაჭის). სწორედ ამ პერიოდისათვის იხსენიებს მემატიანე, კვეტერის შეუვალ და მაღრაანის ანუ პანკისის ციხესიმაგრეებს.
რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარების აღსაქმელად ალავერდის საკათედრო ტაძრის სიდიადე იქნებოდა საკმარისი, მაგრამ მთელი ეპოქა გაჟღენთილი იყო გრანდიოზული მასშტაბის, სტილისტურად მრავალსახოვანი, ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებით და ამ მხრივ კვეტერის ციხე-ქალაქს, მის ციტადელში დატეულ შირიმის ქვით მოქსოვილ კარის ეკლესიას მთელ მახლობელ აღმოსავლეთში ანალოგი არ აქვს.
XVII საუკუნეში კახეთის სამეფოს მდგომარეობა გაუარესდა. ორი წლის განმავლობაში 80 000 მომთაბარე ელი ჩამოსახლდა. თურქმანებმა ორი ციხე, ბახტრიონი და ყარაღაჯი ააგეს.
კახეთის გადარჩენილი მოსახლეობა, მათი ცხოვრების წესი, განადგურების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ალვანის ზამთრის საძოვარიც, მომთაბარეთა ჯოგებით აივსო. საყოველთო საფრთხისაგან თავის დაღწევის მიზნით, მთა და ბარი, გლეხი და მებატონე, ერთიანად დაირაზმა და 1660 წლის ზაფხულში საერთო სახალხო აჯანყება დაიწყო. აჯანყების ორგანიზატორი ზაალ არაგვის ერისთავი იყო, კახელებს ბიძინა ჩოლოყაშვილი მეთაურობდა, ერწო-მთიანელებს და არაგველებს-ქსნის ერისთავები შალვა და ელიზბარი. აჯანყებულებმა ერთდროულად შეუტიეს ბახტრიონისა და ალავერდის ციხეებს და თურქმანები ამოწყვიტეს, რითაც კახეთი გადაურჩა სრულ განადგურებას.
პანკისის ხეობა, უძველესი დროიდან საქართველოს კუთხეთა შორის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული მხარე ყოფილა, რასაც ხელს უწყობდა ადგილობრივი გეოგრაფიული გარემო და ბუნებრივი პირობები. პანკისის ციხე შუა საუკუნეებში სახასო საკუთრებაა და კახეთის მეფეთა საგანძურის მცველი სიმაგრეა.
XVIII საუკუნის პირველი მეოთხედიდან პანკისის მოსახლეობას გამუდმებით უხდება ჩრდილოკავკასიელი მძარცველების წინააღმდეგ მარტოდმარტო ბრძოლა. თანდათან ნადგურდება ტრადიციული სამიწათმოქმედო ყოფის ყველა დარგი, იშლება ტოპონიმიკა, ხეობაში ჩამოსახლებას იწყებენ აღმოსავლეთ მთიანეთის მაცხოვრებლები, თუშები და ფშავლები. მოგვიანებით ვეინახური მოდგმის ქისტები (XIX საუკუნის ორმოცდაათიანი წლები).
აღსანიშნავია ისიც, რომ სრულიად საქართველოს სათაყვანებელმა გმირმა მეფემ ერეკლე II (1720-1798) თხუთმეტი წლის ასაკში პირველი საბრძოლო ნათლობა სწორედ ახმეტაში მიიღო. ის და მისი მცირერიცხოვანი ამალა ლეკების მარბიელ რაზმს შეეჩეხა და უთანასწორო ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა. ამ ამბის გამგონე მამამისს, თეიმურაზ II სრულიად ახალგაზრდას (იგი ერეკლეზე ცხრამეტი წლით იყო უფროსი) სიამაყით უთქვამს: „დღეიდან მე სიკვდილისა აღარ მეშინია ვიცი ქართლობას ვის ხელშიც ვტოვებო“.
1801 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის (1801-1825) მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა. დამყარდა რუსეთის უმკაცრესი კოლონიარული რეჟიმი.
1812 წლის 31 იანვარს, რუსეთ საქართველოს საომარი დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ისტორიის ფურცელი სწორედ სოფელ ახმეტიდან დაწყებულ ომში გამოიხატა. წელიწად ნახევრიანმა უთანასწორო ომმა რუსი კოლონიალისტების მხრიდან მთელი კახეთი, ქართლის ნაწილი და აღმოსავლეთ კავკასიის მთიანეთი მოიცვა. ამ ომის შედეგად რუსის რეგულარულმა ჯარმა და მათი დროშით მებრძოლმა მედროვეებმა უამრავი მჭიდროდ დასახლებული სოფლები პირისაგან მიწისა აღგავეს. აჯანყების მთავარი კერა, ახმეტა, ცეცხლს მისცეს და ნასოფლარად აქციეს.
1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის არმიამ თბილისი აიღო. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი და მათ შორის დღევანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაც. საქართველო დაპყრობისთანავე ჩაერთო ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომლის ფლაგმანიც საქართველოს შეფიცულთა რაზმი იყო სოფელ მატნის მკვიდრის ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის მეთაურობით. მან და მისმა თანამებრძოლეებმა მრავალი ბრძოლა გადაიტანეს წითელი არმიის წინააღმდეგ. საბოლოოდ კი აგენტებითა და გამყიდველებით გარშემორტყმული ქაქუცა ჩოლოყაშვილი მაინც დამარცხდა და იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ახმეტაში და მის მიმდებარე სოფლებში აჯანყების მარცხის შემდეგ სასტიკი ტერორი დაიწყო.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ „სოციალიზმის გამარჯვებისთვის ბრძოლაში“ ისეთივე გზა განვლო, როგორც მთელმა საქართველომ. საკუთარ ტყავზე იწვნია კოლექტივიზაციის და ინდუსტრიალიზაციის რეპრესიების მთელი სიმწვავე.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაიზარდა კოლმეურნეობების რაოდენობა, გაჩნდა საბჭოთა მეურნეობები. რეგიონის მეურნეობის წამყვან დარგად მეცხოველეობა- მეცხვარეობასთან ერთად კვლავ მევენახეობა იქცა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ხილის წარმოება-გადამუშავება. XX საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო თავის მასშტაბით გრანდიოზული მდ. ალაზნის სარწყავი არხის მშენებლობა, რამაც რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას დიდი ბიძგი მისცა.
ახმეტის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. 1951 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-1964 წლებში შეუერთეს თელავის რაიონს. 1964 წლის აგვისტოდან კვლავ გამოიყო ახლანდელ საზღვრებში. დასავლეთით ესაზღვრება დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, აღმოსავლეთით თელავის მუნიციპალიტეტი და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი.
დღეს მუნიციპალიტეტის გადაუდებელ პრიორიტეტულ ამოცანათა რიცხვში შედის ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მევენახეობა/ მებოსტნეობის წახალისება. ასევე მთიანი რელიეფის მქონე ნასოფლარების აღორძინება და იქ ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობა.

საქართველოს მუნიციპალიტეტები